2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის 2029 წელს განხორციელებას რეალისტურად მიიჩნევს.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ 19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების 2026-2031 წლების სამოქმედო პროგრამას შეეხო. ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ღონისძიებებს შორისაა გათვალისწინებული.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ 2029 წელს გვქონდეს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია. მეჩვენება, რომ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაცია 2029 წელს უფრო რეალისტურია. ამ თვალსაზრისით, ბიომეტრიული პასპორტების სისტემის დანერგვა ძალიან არსებითი ნაბიჯია.
საზღვრის მართვის სისტემაში უახლოეს მომავალში რეფორმები უნდა განვახორციელოთ და გაციფრულების პროცესი გავაგრძელოთ. მალე განხილვა უნდა გავმართოთ, რათა გავიგოთ, სადამდე მივედით გაციფრულების ჩვენ მიერ დასახული გეგმების განხორციელების თვალსაზრისით.
ბიომეტრიული სისტემის დანერგვის პირობებში მოქალაქეებმა ძალიან სწრაფად უნდა იგრძნონ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილება - დაწყებული მგზავრობისას მათთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებიდან. ჩვენს ყველა საზღვარზე უნდა იყოს განთავსებული საზღვრის მართვის ავტომატიზებული სისტემები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი რიგი აუცილებელი პროცესები გაციფრულების მეშვეობით განხორციელდეს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბიომეტრიული დოკუმენტების სისტემა სომხეთში 1-ელი ნოემბრიდან დაინერგა.