ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთს გარემოსდაცვით სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში -ფაშინიანი და როსვალი შეხვდნენ
2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ევროკომისარი გარემოს დაცვის, წყლის რესურსების მდგრადობისა და კონკურენტუნარიანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში ჯესიკა როსვალი.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იტყობინებიან, რომ ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა ჯესიკა როსვალის მონაწილეობას სომხეთში მიმდინარე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში (COP17) და იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიები საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ამასთანავე, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მართვის სფეროებში.
ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვის ეფექტიანობის ამაღლების დღის წესრიგი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მთავრობის მიზანია სხვადასხვა სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკომისიის უწყვეტი მხარდაჭერის აუცილებლობას.
ჯესიკა როსვალმა აღნიშნა, რომ COP17 კონფერენცია მაღალ დონეზე მიმდინარეობს და პრემიერ-მინისტრს ეს მიულოცა. ევროკომისრის თქმით, განხილვების ღერძს მწვანე დღის წესრიგის წინ წამოწევა წარმოადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ იგი მონაწილე სახელმწიფოების მხარდაჭერას მოიპოვებს.
ამასთან ერთად, ჯესიკა როსვალმა გამოხატა ევროკომისიის მხარდაჭერა სომხეთისადმი გარემოსდაცვით სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელების საქმეში.
შეხვედრის განმავლობაში აზრთა გაცვლა გაიმართა ასევე ინტენსიური სოფლის მეურნეობის წახალისებასა და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებზე.