რუბენ რუბინიანი პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხებში სომხეთის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დატოვებს
1 წუთი კითხვის

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი პარლამენტის სპიკერად არჩევის შემთხვევაში თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი აღარ იქნება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რუბინიანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„ვინაიდან ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის კანდიდატად ამირჩიეს, ამ პოსტზე არჩევის შემთხვევაში, აშკარაა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებებში სომხეთის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობას აღარ გავაგრძელებ“, - აღნიშნა რუბინიანმა.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს იგი ამ პოზიციაზე, რუბინიანმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.
„რამდენადაც ვიცი, ჯერ გარკვეული არ არის, ვინ იქნება. ბუნებრივია, ამას პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადაწყვეტენ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამგეობამ ფარული კენჭისყრით სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტის ხელმძღვანელის პოსტზე რუბენ რუბინიანის კანდიდატურა შეარჩია, რომელსაც ამჟამად ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია და, ამავდროულად, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში ქვეყნის წარმომადგენელია.