ემანუელ მაკრონი სომხეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ხაჩატრიანმა სომხეთში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლივიე დეკოტინი მიიღო.
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა 4 მაისს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე, ასევე მომდევნო დღეს, 5 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკროსის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სომხეთში ყოფნის მნიშვნელობა.
ვიზიტის მოლოდინში, დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის არაერთი საკითხი, მათ შორის სასმელი წყლით მომარაგება და წყალარინება, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საგზაო დერეფნის სისიან-ქაჯარანის მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული მხარის ჩართულობა, თანამშრომლობა განათლების სფეროში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა პროექტები და ინიციატივები.
ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ურთიერთქმედების მნიშვნელობას, რაც მიზნად ისახავს შესათანხმებელი საკითხების ეფექტურ მოწესრიგებას და ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ გაფართოებას.