ევროკავშირი სომხეთის ყველაზე საიმედო პარტნიორია დემოკრატიის განმტკიცების საქმეში - ფაშინიანი
3 წუთი კითხვის

ევროკავშირი სომხეთის ყველაზე საიმედო პარტნიორია დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში პოლონეთში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებთან, დიპლომატებთან და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა მხარდაჭერას ელოდება სომხეთი ევროკავშირისგან და რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.
„2022 წლიდან ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. როგორც უკვე აღვნიშნე, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსება იყო და რჩება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად. ბოლო წლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის საფუძველზე. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი სომხეთის ყველაზე საიმედო პარტნიორია დემოკრატიის განმტკიცების საქმეში. გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ეს კანონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ახლა სამხრეთ კავკასიაში ახალი შესაძლებლობები იკვეთება. „ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს ევროკავშირი რეგიონული კომუნიკაციების გახსნის პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ მოზიდული იქნება ინვესტიციები ევროკავშირიდან და წევრი სახელმწიფოებიდან. ჩვენ ორიენტირებული ვართ სომხეთისთვის ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე, რათა გავაღრმავოთ ურთიერთობები ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში - ეკონომიკიდან და დემოკრატიული რეფორმებიდან დაწყებული, თავდაცვისა და სხვა სფეროების ჩათვლით. მადლობელი ვართ, რომ ბოლო წლებში სომხეთმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მშვიდობის ფონდის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა დავიწყეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე დაამატა, რომ სომხეთში დემოკრატიის დაცვა და განვითარება უმნიშვნელოვანესია და სომხეთის მთავრობა ამ მიმართულებითაც აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან.