სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ბაქოს ხელოვნური მიზეზების გამო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გაჭიანურებაში ადანაშაულებს
2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი ტაშკენტში, საპარლამენტთაშორისი კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს პია კაუმანს შეხვდა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის ეროვნული ასამბლეა გაავრცელა.
მხარეებმა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, აზერბაიჯანი კვლავ დამატებით წინაპირობებს აყენებს, მათ შორის, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტასა და მისი დაშლის მოთხოვნას, ხელოვნურ მიზეზებს ეძებს ხელშეკრულების ხელმოწერის გაჭიანურების მიზნით.
ჰაკობ არშაკიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ამგვარი ნაბიჯები კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, გააჩნია თუ არა მას პოლიტიკური ნება, რომ მიიყვანოს სამშვიდობო შეთანხმება ლოგიკურ დასასრულამდე.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგას გააცნო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი და ხაზგასმით აღნიშნა სატრანსპორტო და სხვა ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების განბლოკვის მნიშვნელობა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პია კაუმანმა დაადასტურა თავისი მხარდაჭერა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისადმი. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ვიზიტი რეგიონში, რომელიც ემსახურება მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგს.
შეხვედრა დასრულდა დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საერთო მზადყოფნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას.