მოსკოვი უკრაინაში მშვიდობისმყოფელების განლაგებას ნატოს კონფლიქტში ჩართვად აღიქვამს
1 წუთი კითხვის

მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული მშვიდობისმყოფელი ძალების შესაძლო განლაგების საკითხში კომპრომისის შესაძლებლობას ვერ ხედავს. ასეთი ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ კონფლიქტში პირდაპირი ოფიციალური ჩართულობის ნიშნად შეფასდება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს განხილვა ღიად მტრული მიზნებით ტარდება, ისინი არ მალავენ, რატომ სჭირდებათ ეს“, – ციტირებს ლავროვის სიტყვებს „რია ნოვოსტი“.
რუსი მინისტრის თქმით, რუსეთის მხარე „ამ ძალების ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე ზუსტად ისე განიხილავს, როგორც ნატოს შესაძლო ყოფნას უკრაინაში“.
„ჩვენ, ცალსახად, არ დავუშვებთ ასეთ ქმედებებს. ეს ნიშნავს, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საუბარი იქნება არა ჰიბრიდულ, არამედ უკვე ნატოს ქვეყნების პირდაპირ, ოფიციალურ და ღია ჩართულობაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება შეუძლებელია“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რა დროშის ქვეშ ეროვნული თუ ევროკავშირის იქნება ასეთი სამხედრო კონტინგენტი განლაგებული, „მაინც ნატოს ჯარები იქნებიან“.