3 წუთი კითხვის
სომხეთის რესპუბლიკის მეცხრე მოწვევის ეროვნული ასამბლეის პირველი სესია დაიწყო. „არმენპრესის“ ინფორმაციით, პირველი სესიის დღის წესრიგში 8 საკითხია შეტანილი.
სესიის გახსნაზე სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას ახლადმარჩეული პარლამენტის უხუცესი დეპუტატი კნიაზ ჰასანოვი უძღვება.
მეცხრე მოწვევის ეროვნულ ასამბლეში სამი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ 64 მანდატი აქვს, ალიანს „ძლიერ სომხეთს“ - 29, ხოლო ალიანს „სომხეთს“ - 12. პარლამენტი სულ 105 დეპუტატისგან შედგება.
„სამოქალაქო შეთანხმება“ 64 მანდატით სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას აყალიბებს და მმართველ ფრაქციად ითვლება. ფრაქციები „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“ კი ოპოზიციურია.
პირველი სესიის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის მისასალმებელი სიტყვა. ამის შემდეგ დეპუტატები დადებენ კონსტიტუციითა და კანონებით განსაზღვრული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულების ფიცს და ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.
ფიცის დადების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე გამოაცხადებს დეპუტატთა საერთო რაოდენობას, წარადგენს დეპუტატებსა და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა საარჩევნო სიებითაც ისინი აირჩიეს. ამის შემდეგ დეპუტატები გაივლიან რეგისტრაციას.
პირველი სესიის დღის წესრიგით თავდაპირველად გათვალისწინებულია მთვლელი კომისიის შექმნა, რის შემდეგაც პარლამენტი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არჩევაზე გადავა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება თითოეულ ფრაქციას აქვს. თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით, დეპუტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობით. 105-დეპუტატიან პარლამენტში არჩევისთვის საჭიროა სულ მცირე 53 მომხრე ხმა.
პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე რუბენ რუბინიანის კანდიდატურას წარადგენს. პარტიის გამგეობამ ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერების კანდიდატებად ჰაიკ კონჯორიანი და ვაჰაგნ ალექსანიანი შეარჩია.
პარლამენტს სამი ვიცე-სპიკერი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთის კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატთა შემადგენლობიდან არის შესაძლებელი. ვიცე-სპიკერები აირჩევიან ცალ-ცალკე და ფარული კენჭისყრით, სულ მცირე 53 ხმით.
პირველი სესიის განმავლობაში ეროვნული ასამბლეა განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კომისიების რაოდენობას, დასახელებებს, საქმიანობის სფეროებსა და წევრთა საერთო რაოდენობას, რის შემდეგაც აირჩევს კომისიების თავმჯდომარეებს.
დღის წესრიგში ცალკე საკითხად არის შეტანილი ეთიკის კომისიის შექმნაც. 2026 წლის ივლისში „ეროვნული ასამბლეის რეგლამენტის“ შესახებ კონსტიტუციურ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ახლადმარჩეული პარლამენტის პირველი ეთიკის კომისია სწორედ პირველ სესიაზე უნდა შეიქმნას.