6 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა „ზაიედის“ ადამიანის ძმობის პრემიის გენერალურ მდივანს მოჰამმად აბდელსალამს, ასევე პრემიის კომიტეტის წევრებს - ევროპის საბჭოს ყოფილ პრეზიდენტსა და ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს და აფრიკის კავშირის კომისიის ყოფილ თავმჯდომარესა და ჩადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მუსა ფაკი მაჰამათს․
როგორც „არმენპრესი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, მოჰამმად აბდელსალამმა მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დასახელდა „ზაიედის“ ადამიანის ძმობის 2026 წლის პრემიის ლაურეატად - სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობის დამყარების, რეგიონში თანამშრომლობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის დღის წესრიგის თანმიმდევრული წინ წაწევის აღსანიშნავად․ იგივე პრემიით დაჯილდოვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც, რაც ხაზს უსვამს მშვიდობის ხელშეწყობისთვის გაწეულ ერთობლივ ძალისხმევას․ მოჰამმად აბდელსალამმა აღნიშნა, რომ ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აკეთებს აღნიშნული შეთანხმების განხორციელებისთვის, მაგალითია მსოფლიოს მრავალი კონფლიქტისათვის․
„ეს აღიარება ნათლად აჩვენებს თავად შეთანხმების მნიშვნელობას, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს მშვიდობის, შერიგებისა და რეგიონული სტაბილურობისკენ. „ზაიედის“ პრემია მიზნად ისახავს ამ ინიციატივის აღნიშვნას, რათა წაახალისოს და შთააგონოს მსოფლიოს ლიდერები გრძელვადიანი მშვიდობისკენ სწრაფვისთვის․ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, გულიდან მოდის, მშვიდობისთვის, თქვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა მოჰამმად აბდელსალამმა და დასძინა, რომ წელს პრემიაზე წარდგენილი იყო 350 კანდიდატი 90-ზე მეტი ქვეყნიდან․
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრემიის კომიტეტის წევრებს მაღალი შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია „ზაიედის“ სახელობის პრემიის მიღება․ ქვეყნის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევის შეფასებისთვის․
„რა თქმა უნდა, ეს მრავალი ადამიანის შრომის შედეგია როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ․ ბუნებრივია, ვიცი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც დაჯილდოვდა და ჩვენ ამ პრემიას ვიზიარებთ․ ეს სამართლიანია․ ეს მართლაც ერთობლივი მიღწევაა․ მშვიდობის დამყარების მიმართულებით ბევრი ადამიანი მუშაობდა და კვლავაც მუშაობს։ აშშ-ში, ევროკავშირში, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, აზერბაიჯანში․ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის, მთავრობის, პარლამენტისა და საზოგადოების მიღწევაა, რადგან იცით, ნებისმიერი შეთანხმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების, ხალხის მხარდაჭერის გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ მთელ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სომხეთის ხალხმა ითამაშა․
ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ამით ისინი უაღრესად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მშვიდობის პროცესში და მის უფრო ინსტიტუციონალიზებულ ფორმად ჩამოყალიბებაში․
შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრს გადაეცა მოწვევა „ზაიედის“ პრემიის დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება․
პრემია სახელდება არაბთა გაერთიანებული საამიროების დამფუძნებლის, გარდაცვლილი შეიხ ზაიედ ბინ სულთან ალ ნაჰიანის პატივსაცემად და აღიარებს პირებსა და ორგანიზაციებს, მათი წარმომავლობისა თუ ადგილმდებარეობის მიუხედავად, რომლებიც უანგაროდ და უწყვეტად მუშაობენ ადამიანური ძმობის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველსაყოფა.პრემიის დაარსებიდან, 2019 წლიდან მოყოლებული, უკვე აღიარებულია 16 ლაურეატი 15 ქვეყნიდან. პრემიის შექმნა მოჰყვა აბუ-დაბიში გამართულ ისტორიულ შეხვედრას რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე წინამძღვრის, გარდაცვლილი მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკესა და ალ-აზჰარის დიდი იმამის, მისი აღმატებულება აჰმედ ალ-ტაიების შორის, რომლის დროსაც მათ ერთობლივად ხელი მოაწერეს ადამიანური ძმობის დოკუმენტს.
წინა ლაურეატებს შორის არიან ალ-აზჰარის დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიები, გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივისტი ლატიფა იბნ ზიათენი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მისი უდიდებულესობა მეფე აბდალლა II და დედოფალი რანია ალ-აბდალლა, ჰაიტის ფონდი „ცოდნა და თავისუფლება“, „სანტ’ეჯიდიოს“ საზოგადოება, კენიელი მშვიდობისმყოფელი შამსა აბუბაქარ ფადილი, ინდონეზიური საქველმოქმედო ორგანიზაციები ნაჰდლათულ ულამა და მუჰამადია, მსოფლიოში ცნობილი კარდიოქირურგი პროფესორი სერ მაგდი იაკუბი, ჩილელი საზოგადო მოღვაწე და მონაზონი ნელი ლეონ კორეა, ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი მია ამორ მოტლი, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაცია World Central Kitchen და ახალგაზრდა მეცნიერი ჰემან ბეკელე.