4 წუთი კითხვის
TRIPP-ის პროექტის განხორციელების მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი სიუნიქს ეწვია, რათა ადგილზე შეესწავლა რკინიგზის, საავტომობილო გზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაპროექტების საკითხები.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და სომხეთის ეკონომიკური მდგრადობის ამაღლების თვალსაზრისით რეგიონული კომუნიკაციების რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ეკონომიკური მდგრადობის გაზრდის თვალსაზრისით მეტად არსებითია, რომ შევძლოთ რეგიონული კომუნიკაციების რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე შეახსენა დამსწრეებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში დაიწყო TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით სომხეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების პროცესი.
სიუნიქში ვიზიტის შედეგების წარდგენისას მჰერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ადგილზე კვლევები საპროექტო სამუშაოების დაწყების ორგანიზების მიზნით ჩატარდა. ამ ეტაპზე სამუშაოები სამ ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზასა და ელექტროგადამცემ ხაზებს ეხება.
ვიცე-პრემიერის თქმით, რკინიგზის გაყვანის მარშრუტის საკითხი გარკვეულია, ვიზიტის განმავლობაში კი საჭირო იყო არსებული ნაგებობების მდგომარეობის ადგილზე კიდევ ერთხელ შესწავლა.
საავტომობილო გზის შემთხვევაში, გრიგორიანის განცხადებით, არსებობს რთულად გასავლელი მონაკვეთები და საბოლოო საპროექტო გადაწყვეტილებებმა გზის კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყოს.
„ჩვენ ტრანზიტზე ვსაუბრობთ, სატრანზიტო გზა კი კონკურენტუნარიანი, ხოლო ჩვენი ხარჯები ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ექსპლუატაციის თვალსაზრისით რეგიონულ დონეზე ექნება უპირატესობა“, - გაუსვა ხაზი ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, ელექტროგადამცემი ხაზების კუთხითაც არსებობს დასაზუსტებელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მოდელირებული იქნება.
გრიგორიანმა მიზანშეწონილად მიიჩნია საპროექტო სამუშაოების დაწყება TRIPP-ის განვითარების კომპანიის ჩამოყალიბების დასრულების მოლოდინის გარეშე. მისი თქმით, შესრულებული სამუშაო შემდგომში გადაეცემა კომპანიას, როდესაც ის დაფუძნდება და საქმიანობას შეუდგება.
„რათა დრო არ დავკარგოთ, მიგვაჩნია, რომ სწორია საპროექტო სამუშაოების დღეიდან დაწყება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რო, მალე განსახილველად უფრო კონკრეტული ესკიზები იქნება წარმოდგენილი, რის შემდეგაც უშუალოდ საპროექტო სამუშაოები დაიწყება.
ფაშინიანმა თავის მხრივ დააფიქსირა, რომ პროექტი პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე შედის, და აღნიშნა მისი მნიშვნელობა სომხეთის ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნებისა და გაგრძელებისთვის.
„ახლა ჩვენ, არსებითად, უნდა დავაფიქსიროთ, რომ პრაქტიკული განხორციელების ეტაპზე შევდივართ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ უახლოეს მომავალში სომხურ-ამერიკული TRIPP-ის განვითარების კომპანია (TRIPP Development Company) უნდა ჩამოყალიბდეს.
„ახლა, არსებითად, კომპანიის დაფუძნების დასკვნით ეტაპზე ვიმყოფებით და როდესაც კომპანია დაფუძნდება, შესრულებული სამუშაო, მათ შორის როგორც ჩვენი ინვესტიცია, ამ კომპანიას გადაეცემა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.