სომხეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების განზრახვა არ აქვს და არც ჰქონია - ფაშინიანის გამოხმაურება ზახაროვას განცხადებაზე
2 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი არ დგას და არც არასდროს დგარა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა - გამოეხმაურა რა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთი პირველ რიგში საკუთარი თავის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს, თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გადაწყვეტს.
შეკითხვაზე, არის თუ არა სომხეთის დღის წესრიგში მსგავსი საკითხი, რის გამოც მოსკოვიდან ასეთი განცხადებები ისმის, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა:
„აბა ვინ განიხილა მსგავსი რამ? ჩვენ აბსოლუტურად არც გვაქვს და არც არასდროს გვქონია ამის გაკეთების განზრახვა, არც ფიქრად მოგვსვლია. პირიქით - ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს და ვხედავთ, რომ ახლა ისინი სომხეთის ტურისტული უპირატესობების პოპულარიზაციის ძალიან აქტიური მონაწილეები გახდნენ. სომხური საზოგადოებაც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით იღებს ამ ადამიანებს, ისინიც, როგორც ჩანს, ცუდად არ გრძნობენ თავის სომხეთში, ჩვენც მოხარულნი ვართ - ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში. მსგავსი რამ ფიქრად არასდროს მოგვსვლია, ჩვენ ამის მიზეზი არ გვაქვს“.