პოლიტიკური

გვინდა, რომ ევროკავშირის მისია გააგრძელოს საქმიანობა სომხეთში։ უშიშროების საბჭოს მდივანი დამკვირვებლების მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევს

4 წუთი კითხვის

გვინდა, რომ ევროკავშირის მისია გააგრძელოს საქმიანობა სომხეთში։ უშიშროების საბჭოს მდივანი დამკვირვებლების მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენა მოახდინა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესზე. ერევანს სურს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია გააგრძელოს საქმიანობა სომხეთის რესპუბლიკაში.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორინმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი როგორც საჯაროდ, ისე ევროკავშირის პარტნიორებთან დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მუდმივად აღნიშნავს, რომ მაღალი შეფასებით ეკიდება ბრიუსელთან თანამშრომლობას და ასევე ძალიან დადებითად აფასებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისიის საქმიანობამ მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია სტაბილურობაზე და ხელი შეუწყო როგორც რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას, ისე საზღვრისპირა თემებში მოსახლეობის ნდობის გაზრდას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ“ - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

გრიგორიანის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის დამყარების პროცესში.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლიც.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ხედვა, თუ როგორი იქნება მისიის საქმიანობა მომავალში, არმენ გრიგორიანმა უპასუხა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სომხეთს სურს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააგრძელოს საქმიანობა ქვეყანაში.

„ერთი რამ ნათელია: ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია დარჩეს სომხეთში. მოგეხსენებათ, მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში გვაქვს მიღწეული შეთანხმებები, თუმცა ის ჯერ უნდა გაფორმდეს და რატიფიცირდეს, რათა ძალაში შევიდეს, შემდეგ კი გავიგებთ, როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მაგრამ ცალსახაა, რომ გვინდა მისია დარჩეს სომხეთში და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა მან.

მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატები განხილვის ეტაპზეა.

„ვიმსჯელებთ და გავარკვევთ, რა ფორმატში შეიძლება ვითანამშრომლოთ. ვნახავთ, როგორ შეიძლება ამის განხორციელება, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია მშვიდობის შეთანხმების რატიფიკაციაზე“, - აღნიშნა გრიგორიანმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში 2023 წელს განთავსდა ორწლიანი მანდატით. 2025 წლის იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. მისია ახორციელებს პატრულირებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, აწარმოებს მონიტორინგს და ადგილზე უსაფრთხოების ვითარების შესახებ ანგარიშგებას. მისიის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანთა უსაფრთხოებას სომხეთის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში და შექმნას ნდობის გარემო ადგილზე. ვაშინგტონში წინასწარ ხელმოწერილ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც შეთანხმების ხელმოწერისა და ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთმანეთის სახელმწიფო საზღვარზე მესამე ქვეყნების ძალები არ განათავსონ.

 
 

 

 

წაიკითხეთ სტატია: العربيةEnglishفارسیFrançaisՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT