სომხეთი კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების აუთსორსინგს არ ეწინააღმდეგება
2 წუთი კითხვის

სომხეთისთვის კვლავ განხილვის საგანია ფუნქციების აუთსორსინგის საკითხი სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში, თუკი პროცესი წარიმართება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ფარგლებში, საერთაშორისო ლიცენზირებულ კომპანიასთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა.
საფარიანმა დაადასტურა, რომ კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების აუთსორსინგი სომხეთისთვის განხილვის თემაა, თუმცა ეს პროცესი უნდა წარიმართოს იმ პრინციპების დაცვით, რომელთა შესახებაც სომხეთმა არაერთხელ განცხადება გააკეთა․
„ეს პროცესი უნდა განხორციელდეს სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ფარგლებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამერიკული მხარის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს წარდგენილი წინადადებების შესახებ შეკითხვის პასუხად მნაცაკან საფარიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეთი წინადადება სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულია და ისინი განხილვის საგანია. ვიცე-მინისტრმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნებიდან მიიღეს წინადადებები.
„რამდენიმე ასეთი წინადადება განხილვის საგანია. თუ ისინი შეესაბამება სომხეთის ინტერესებსა და იმ პრინციპებს, რაც სომხეთმა გამოაცხადა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ფარგლებში, შესაძლებელია მათი განხილვა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.