სანამ აზერბაიჯანთან საბოლოო მშვიდობა არ დამყარდება, ესკალაციის საფრთხე არსებობს: არარატ მირზოიანი
1 წუთი კითხვის

სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო მშვიდობა არ მიღწეულა, არსებობს ესკალაციის საფრთხე.
„არმენპრესი“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში, სადაც ის შეეხო ერევანსა და ბაქოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესსა და ორ ქვეყანას შორის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას.
„სანამ ინსტიტუციური მშვიდობა არ არსებობს, ესკალაციის საფრთხე მუდმივად არსებობს. ზოგადად, სანამ აზერბაიჯანთან საბოლოო მშვიდობა არ დამყარდება, ესკალაციის საფრთხე კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.
მირზოიანმა ასევე გაიხსენა სომხეთის მიერ ბაქოსთვის გაწეული შეთავაზებები, რომლებიც ეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების გამოსაკვლევი ჯგუფის შექმნას, თუმცა აზერბაიჯანის მხრიდან ამ ინიციატივებზე რეაგირება კვლავ არ ყოფილა.