მაკრონი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას უკრაინის განიარაღების შესახებ
2 წუთი კითხვის

საფრანგეთი მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს უკრაინის განიარაღებისა და ნეიტრალური სტატუსის შესახებ, რომელიც მშვიდობის დასამყარებლად არის წარმოდგენილი. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა 6 მარტს, ევროკავშირის თავდაცვის საკითხებს მიძღვნილი საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რუსეთმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი სურვილები, ისინი ჯერ კიდევ 2022 წელს სტამბულის მოლაპარაკებების დროს გაჟღერდა და შემდეგ გარკვეულმა ოფიციალურმა პირებმა გაიმეორეს: ნატოს გარეშე, უცხოური ჯარების გარეშე და უკრაინის განიარაღება… რაც მისთვის ნიშნავს მნიშვნელოვნად შემცირებულ არმიას. ცხადია, რომ ეს პირობები მიუღებელია როგორც უკრაინელებისთვის, ისე ჩვენთვის“, – ციტირებს მაკრონის სიტყვებს TASS-ი.
მისი თქმით, ეს პირობები „კიდევ უფრო უარესია, ვიდრე 2014 წელს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, როდესაც ამისთვის შესაფერისი მომენტი დადგება.
„მე მზად ვარ (რუსეთის) პრეზიდენტ პუტინთან სასაუბროდ, როცა (უკრაინის პრეზიდენტ) ზელენსკისთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩავთვლით, რომ ამისთვის შესაფერისი დროა. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხია – დიახ“, – განაცხადა მაკრონმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ლიდერების საუბარს უნდა უძღოდეს მოლაპარაკებების პროცესში ჩართული პირების კონტაქტები.