ბალანსირებული და დაბალანსების საგარეო პოლიტიკის მიზანი ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და გაძლიერებაა - ნიკოლ ფაშინიანი
5 წუთი კითხვის
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მოსაზრებით, საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს დიდი გაგება იმისა, რომ მსოფლიო უნდა იყოს მრავალპოლუსიანი და სწორედ ეს არის ბალანსი, ანუ სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მეტ-ნაკლებად საიმედო ვარიანტი.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა ბიშკეკში დაწყებული შთო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ „შთო+“ ფორმატის დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც ატარებდა სათაურს - „გაერო, როგორც სამართლიანი მსოფლიო წესრიგის საკვანძო ელემენტი: «შთო+» სახელმწიფოების წვლილი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებაში“.
„ჩემი შთაბეჭდილებით, საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს დიდი გაგება იმისა, რომ მსოფლიო უნდა იყოს მრავალპოლუსიანი და სწორედ ეს არის ბალანსი, ანუ სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მეტ-ნაკლებად საიმედო ვარიანტი. როგორ შეუძლია სომხეთისნაირ მცირე სახელმწიფოს შეიტანოს წვლილი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში? ამ კითხვას ჩვენ პრაქტიკულ პასუხს ვცემთ, არსებითად, მრავალპოლუსიანი საგარეო პოლიტიკის გატარებით, რომელსაც ვუწოდებთ ბალანსირებულ და დაბალანსების საგარეო პოლიტიკას.
ამ პოლიტიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რომელიმე გეოპოლიტიკური პოლუსის მიზიდულობა იმ ხარისხით მძიმდება, რომ შეუძლია დააშალოს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ვააქტიურებთ ურთიერთობებს სხვა პოლუსთან, რომელსაც მოცემული სიტუაციისთვის საკმარისი მიზიდულობა გააჩნია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ბალანსი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სირთულეებით აღსავსე გზაზე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან განმარტა, რომ ასეთი პოლიტიკის ძირითადი მიზანი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერებაა.
„ამ სტრატეგიების შემუშავებისას მივედით დასკვნამდე, რომ შეუძლებელია გქონდეს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი კონფლიქტის პირობებში ცხოვრებით, და მრავალპოლუსიანობა ამ გაგებით უნდა გამოიხატოს, პირველ რიგში, იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მეზობელ ირანთან და საქართველოშთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, ჩვენ მივდივართ დანარჩენ ორ მეზობელთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აგების გზით, და ეს, რა თქმა უნდა, უფრო საგნობრივი ხდება გასული წლის 8 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და მონაწილეობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის წყალობით“, - აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ ახლა სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად მუშაობს სახელმწიფოთაშორისი კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით, მათ შორის TRIPP პროექტის რეალიზაციით, რომლის პრაქტიკული სამუშაოები ადგილზე უახლოეს თვეებში დაიწყება.
„ეს სატრანსპორტო ახალ შესაძლებლობებს გახსნის არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ანუ კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე, არამედ სამხრეთიდან ჩრდილოეთითაც - სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დაკავშირებით. ასე რომ, პროექტის რეალიზაციით იხეირებს რეგიონის ყველა ქვეყანა“, - გაუსვა ხაზი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანმა მრავალპოლუსიანი პოლიტიკის კონტექსტში გაახსენა, რომ სომხეთმა ბოლო წლებში სტრატეგიული ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, ლუქსემბურგთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ბულგარეთთან, ხორვატიასთან, ლიეტუვასთან, ევროპის კავშირთან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთსა და ირანთან სომხეთის ურთიერთობებს ფაქტობრივად სტრატეგიული ხასიათი აქვს და ახლა მუშაობენ მის დოკუმენტურ გაფორმებაზე.
„დღეს მე შეხვედრა მექნება რუსეთის ფედერაციის პატივცემულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რათა განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების სტრატეგია.
პატივცემულო კოლეგებო, სომხეთის რესპუბლიკა იზიარებს მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის ხედვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვანძო როლის ხაზგასმით მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მშენებლობაში, მინდა გაცნობოთ, რომ ამა წლის 16 ოქტომბერს გაეროს ეგიდით სომხეთში გაიმართება ბიომრავალფეროვნების COP 17 კონფერენცია და ყველას გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ მსოფლიოს მრავალპოლუსიანობის გამომკვეთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
გმადლობთ ყურადღებისთვის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის მიმღებ პაკისტანს წარმატებებს ვუსურვებ ამ საპასუხისმგებლო მისიაში“, - დაასრულა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.