ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებისთვის რაიმეს აკეთებს: რუბინიანმა ვოლოდინის განცხადებებს უპასუხა
4 წუთი კითხვის

სომხეთი რუსეთთან უკიდურესად გულწრფელია და ყოველთვის გულწრფელი იყო: ერევანი არ არის ის მხარე, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესებისთვის რაიმეს აკეთებს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვეჩესლავ ვოლოდინის განცხადების საპასუხოდ, თითქოს „სომხეთი გულწრფელი უნდა იყოს რუსეთთან, შეწყვიტოს ყალბი პოლიტიკის გატარება - ერთდროულად ისწრაფვოდეს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და აგრძელებდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესაძლებლობებით სარგებლობას“.
„ჩვენ რუსეთთან უკიდურესად გულწრფელები ვართ და ყოველთვის გულწრფელები ვიყავით. ჩვენ არ ვართ ისინი, ვინც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაუარესებისთვის რაიმეს აკეთებს. პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ კეთებას ნორმალური, კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა რუბინიანმა.
მან დასძინა, რომ ამ კონტექსტში რუსეთის მხრიდან სომხეთის სამეწარმეო სუბიექტების წინააღმდეგ გამოყენებული უსამართლო და უადგილო შეზღუდვები არ შეესაბამება არც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების სულს და მით უმეტეს, არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს.
„მინდა შევახსენო, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არსებობის მთელი აზრი საქონლის თავისუფალი გადაადგილებაა, ამ შემთხვევაში კი ჩვენ საქმე არ გვაქვს ამ თავისუფლებასთან - სულ მცირე, დე ფაქტო“, - გაუსვა ხაზი რუბინიანმა.
რუბინიანი ასევე შეეხო საკითხს იმის შესახებ, არსებობს თუ არა კონკრეტული ვადები, თუ როდის აპირებს სომხეთი ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით, იმის გათვალისწინებით, რომ ამის შესახებ უკვე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვისას განაცხადა, რომ სომხეთი უახლოეს მომავალში გადადგამს ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის წარდგენის პროცესის დასაწყებად.
რუბენ რუბინიანმა აღნიშნა, რომ ცნობილი ფაქტია: სწორედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორები ცდილობენ, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინოს, ვინაიდან ისინი მუდმივად ამბობენ, რომ სომხეთმა ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს.
„მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს საკითხი ჩამოყალიბებული იქნება და ამ საკითხიდან გამომდინარე გარემოებები ცნობილი გახდება. ანუ, შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ იმ შეკითხვაზე, გსურთ თუ არა გახდეთ ევროკავშირის წევრი, თუ მასთან დაკავშირებული მოქმედებები განხორციელებული არ არის. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივმართავთ ევროკავშირს გაწევრიანებისთვის, მივიღებთ შესაბამის დადებით გამოხმაურებას, მივიღებთ შესაბამის სიცხადეს ნაბიჯებსა და დროით ჩარჩოებთან დაკავშირებით - აი მაშინ იქნება შესაძლებელი რეფერენდუმის ჩატარება“, - აღნიშნა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.