არარატ მირზოიანი ბრიუსელში კაია კალასს შეხვდა
2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ბრიუსელში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შეხვდა.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა სომხეთი-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაისში ერევანში დაგეგმილი სომხეთი-ევროკავშირის სამიტის შინაარსობრივი მომზადების საკითხებს. ხაზი გაესვა შეთანხმებას იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მიმართულია სომხეთის მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების უზრუნველყოფისკენ.
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა განიხილეს დემოკრატიული მდგრადობის მუდმივი განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივები, რომლებიც სომხეთი-ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობისა და სტრატეგიული დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ამ კონტექსტში მიღწეულ იქნა შეთანხმება დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად არსებული კონკრეტული მექანიზმების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესახებ.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვეს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობას ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სტიმულირების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე გაიცვალა აზრები ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებზე.