ფაშინიანმა აზერბაიჯანს შესთავაზა პარალელურად დაიხუროს მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნებისა და ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ თემები
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს ერთობლივად შეიმუშავონ სამოქმედო გეგმა და პარალელურად დახურონ როგორც მთიანი ყარაბაღის სომხების დაბრუნების, ისე ე.წ. "დასავლეთ აზერბაიჯანის" თემები.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას, კომენტარით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის დოკუმენტს, სადაც ბაქომ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტში გამოყენებულია ფორმულირება „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შემდეგ ლტოლვილად ქცეული ყარაბაღელი სომხები“.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ვითარება, როცა აზერბაიჯანი ერთის მხრივ აგრძელებს ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ რიტორიკის გამოყენებას, ხოლო მეორეს მხრივ აპროტესტებს ზემოხსენებულ ფორმულირებას.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე განაცხადა - ყარაბაღის სომხების დაბრუნების თემა სახიფათოა. „მინდა ღიად და საჯაროდ შევთავაზო აზერბაიჯანს: რადგან მათაც აქვთ პრობლემა ამ თემებზე და ჩვენც, მოდით, შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომ ორივე თემა პარალელურად დაიხუროს. მე ჩვენს ხალხსაც ვუთხარი, რომ მათი დაბრუნება არარეალურია. თუ ამ თემას გავაგრძელებთ, ეს ნიშნავს, რომ თავიდან ვიწყებთ ყარაბაღის მოძრაობას, მაგრამ მე უკვე ვთქვი - არ უნდა გავაგრძელოთ. ეს მოძრაობა დასრულებულია და მისი ხელახალი დაწყების მცდელობა სასარგებლო არ არის. მაგრამ, ამავე დროს, სომხეთში ხედავენ, რომ აზერბაიჯანი მუდმივად იყენებს გაუგებარ ტერმინს „დასავლეთ აზერბაიჯანი. უნდა გავიგოთ, რა არის მიზეზი და რა — შედეგი. ახლა პირდაპირ ვთავაზობ: მოდით დავსხდეთ და შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, როგორ გამოვიტანოთ ეს თემები დღის წესრიგიდან, რადგან ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიან სტრატეგიულ პერსპექტივაში საერთოდ ავიცილებთ კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.