ნიკოლ ფაშინიანმა ჩამოთვალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული წარმატების ისტორიები
4 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა მშვიდობა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, საერთაშორისო ფორუმზე „ორბელი ფორუმი։ მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს წარმატების ისტორიები, რომელთა სათავე 2024 წელს დაწყებულ დემარკაციის პროცესშია.
„ჩემის მითითებით, სახელმწიფო უწყებები ორგანიზებას უწევენ სამოქალაქო საზოგადოების, ინტელიგენციის, პოლიტიკოსების, პარტიული მოღვაწეების და დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტებს დემარკირებულ კირანცისა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რათა აჩვენონ, რას ვგულისხმობთ ჩვენ, როცა ვსაუბრობთ მშვიდობის დღის წესრიგზე. უნდა გითხრათ პირდაპირ და გულწრფელად ჯერჯერობით არ მიმიღია არცერთი, თუნდაც გამონაკლისი, უარყოფითი გამოხმაურება იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც ადგილზე ვაჩვენებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წარმატების ისტორია გაგრძელდა სომხეთისა და აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიების ერთობლივი რეგლამენტის ხელმოწერითა და შემდგომი რატიფიცირებით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი გახდა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტში ფიქსირდება საზღვრის დადგენის საბაზისო პრინციპი იქნება ალმა-ათას დეკლარაცია.
„ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების გარდამტეხი ეტაპია, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყანა აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ტერიტორია იდენტურია ყოფილი აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიასთან, ხოლო დამოუკიდებელი სომხეთის ტერიტორია, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიასთან. ეს ფაქტი ასევე ასახულია წინასწარ ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაში და ვაშინგტონის დეკლარაციაში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ისტორია იყო 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული მშვიდობის სამიტი, რომლის შედეგად მიღებულ იქნა დეკლარაცია და წინასწარ მოეწერა ხელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარების შეთანხმებას.
„ამით სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის დამყარდა მშვიდობა“, - ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „ორბელი ფორუმი: მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“ მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის რეგიონალიზაციის პროცესს, მშვიდობის დღის წესრიგს, სატრანსპორტო და სავაჭრო კომუნიკაციების განბლოკვას, ასევე სხვა საერთაშორისო და რეგიონულ აქტუალურ თემებს. ღონისძიებაში სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობას იღებენ სომხეთის მაღალჩინოსნები, ექსპერტები სომხეთიდან, მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან.