სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებულ ტექსტში დევნილთა დაბრუნების შესახებ მუხლი არ არსებობს: მირზოიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეთანხმებულ ტექსტში დევნილთა დაბრუნების შესახებ არანაირი მუხლი არ არსებობს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
„აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებულ ტექსტში არ არსებობს არანაირი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ორ ქვეყანას შორის არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან გასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ან იმ ადგილებში, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 მარტს განაცხადეს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ბაქოსთან განიხილოს ხელშეკრულების ხელმოწერის ვადები და ადგილი. მრავალი ქვეყანა უკვე მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ ის რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი.